ჩოხატაურსა და ოზურგეთში არსებული "მედალფას" კლინიკების ტერიტორიაზე მოწყობილ პრეტრიაჟის პუნქტებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა ფუნქციონირებს, დღეს გურიის გუბერნატორი და გამგეობის თანამშრომლები ეწვივნენ.
პრეტრიაჟის პუნქტები აღჭურვილია პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად:
განთავსებულია 4 საწოლი და თითეულის სიახლოვეს დგას ტუმბო, სადეზინფექციო ხსნარებით.
პუნქტებში შექმნილია უარყოფითი წნევა (დაყენებულია სპეციალური გამწოვი დანადგარი) და უზრუნველყოფილია გათბობითა და ყველა საჭირო სანიტარული კვანძით.
პერსონალი მომარაგებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით - ერთჯერადი ხალათებით, ბახილებით, ჩაჩებით, ხელთათმანებით, პირბადეებით, სათვალეებით და დამცავი ფარებით.
პრეტრიაჟის პუნქტები მომარაგებულია დისტანციური თერმომეტრებით, ნიღბებითა და ჟანგბადის ბალონის ფლუომეტრიანი რედუქტორით.
პაციენტთა პრეტრიაჟის ფარგლებში, იგეგმება შემდეგი სახის პროცედურები:
ნებისმიერი პაციენტი, როგორც გეგმიური, ასევე გადაუდებელი ვიზიტით, კლინიკაში მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ პრეტრიაჟის გავლის შედეგად.
დისტანციური თერმომეტრით მოხდება თერმოსკრინინგი, გამოიკითხება ანამნეზი შესაძლო კონტაქტებზე და ჩივილებზე, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს ჩაუტარდება შესაბამისი კვლევა და მოთავსდება სპეციალურად მოწყობილ პუნქტში.
პაციენტებს, რომლებსაც არ აღმოაჩნდებათ საეჭვო კონტაქტები ან სიმპტომები, გადაეცემათ წინასწარ დამზადებული საშვი კლინიკაში შესასვლელად.
პაციენტებისთვის და მათი ახლობლებისთვის კლინიკის ეზოში შექმნილია მოსაცდელები, სადაც დაცული არის დისტანციის წესები.
სამედიცინო პერსონალს გავლილი აქვს პრაქტიკული ტრენინგები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხმარებასთან და ინფიცირებული პაციენტების მართვასთან დაკავშირებით.
პირველადი ტრიაჟის პუნქტების არსებობა უზრუნველყოფს, "მედალფას" პაციენტების და პერსონალის მაქსიმალურ დაცვას, რათა არ მოხდეს ვირუსის მასობრივი გავრცელება.
კლინიკა „მედალფას“ ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველას, ვინც მიიღო აქტიური მონაწილეობა აღნიშნული ღონისძიებების გატარებაში;
განსაკუთრებული მადლობა დამფუძნებელს, ბატონ პაატა კურტანიძეს, რომლის უშუალო მხარდაჭერითაც განხორციელდა მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშესაწყობად ესოდენ მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
მედალფა გისურვებთ ჯანმრთელობას, ჩვენთან ვიზიტი უსაფრთხოა!