ზაფხული დასრულდა და წელიწადის ყველაზე ცივი პერიოდი - ზამთარი გვიახლოვდება. წელიწადის ამ დროს, ხშირია სეზონური გრიპით დაავადება.
მოდით ერთად გავიგოთ თუ რა არის სეზონური გრიპი, როგორ შეგვიძლია მას ვებრძოლოთ და ავირიდოთ თავიდან?
ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს გაგვცემს მედალფა კასპის კლინიკის პედიატრი, ქალბატონი მაია მაზმიშვილი.
1. ქალბატონო მაია, პირველ რიგში გვითხარით რა არის სეზონური გრიპი?
სეზონური გრიპი არის, გრიპის AA და BBB ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადება. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს.
2.როგორი სიმპტომებით ხასიათდება იგი?
გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით და შესაძლოა დასრულდეს ლეტალური შემთხვევითაც. უბრალო გაციებისგან განსხვავებით გრიპი მწვავედ იწყება.
მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, ცხელება >38 0C , ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში; იშვიათად დიარეა და/ან ღებინება.
3.როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში უვნებლად?
თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს; ჩაიტარეთ სიმპტომური მკურნალობა - მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები (გარდა ასპირინისა), ტკივილდამაყუჩებლები და ა.შ.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოება, ყიფლიბანდის დაჭიმულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა. ანტივირუსული პრეპარატები უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
4.როგორ ვებრძოლოთ სეზონურ გრიპს?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ითვლება გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია.
სასურველია, ვაქცინაცია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს. განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფებია: ა) 5 წლამდე (განსაკუთრებით – 2 წლამდე) ასაკის ბავშვები; ბ) 65 წელს გადაცილებულები; გ) ორსულები; დ) ქრონიკულად მოავადენი (ასთმა, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები); ე) ნერვული სისტემის დარღვევათა მქონე პირები (ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, ინსულტი, გონებრივი უნარშეზრუდულობა, კუნთოვანი დისტროფია); ვ) ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ანემია, იმუნოდეფიციტი (შიდსი, კიბო), ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40-ს); ზ) ჯანდაცვის მუშაკები, მათ შორის – ხანში შესულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომვლელები.
იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა ჩატარდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე, საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი.
5. როგორ შეიძლება მისი თავიდან არიდება?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, ამ ზამთარში მოსალოდნელია ავადობის მაღალი მაჩვენებელი.
პირბადეების ტარება შენობებში, ადამიანთა თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოთახების განიავება და ხელების რეგულარულად დაბანა/დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით ვაქცინაციასთან ერთად თავიდან აგვაცილებს გრიპით ავადობას.
6. შეიძლება თუ არა ის გართულდეს?
გრიპმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. გრიპის გართულებებია: ა) პნევმონია(ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოქსია, ციანოზი); ბ) დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (გონების დაკარგვა ან დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე ან დამბლა): გ) ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია); დ) თანმხლები დაავადებების გართულება (მაგ: გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასთმა და დიაბეტი); დ) ბავშვებში ყურის ინფექციები, სინუსიტები. ჩვილ ბავშვებს გრიპის დროს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი.
გრიპის მეორადი გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან: ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე; ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით; ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ა.შ).
7. როგორ ვიქცევით გრიპის ნიშნების გამოვლენისას?
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დაავადებულთა თვითიზოლაცია.
გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა; რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით.
8. როგორ ვრცელდება სეზონური გრიპი?
გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადადის ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით. უმეტესწილად გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღის (ზოგჯერ – მეტიც) განმავლობაში. ბავშვები ჩვეულებრივ 7 დღეზე მეტ ხანს არიან გადამდებები.
9. რას ურჩევდით მოსახლეობას?
ვაქცინაცია, ჰიგიენური წესების დაცვა, პირბადის ტარება, დაავადების შემთხვევაში ოზოლაცია, ექიმთან დროული მიმართვიანობა.