რეფრაქციული დარღვევების დროს თვალში შესული სხივები არასწორად ფოკუსირდება ბადურაზე, რაც არამკაფიო გამოსახულების წარმოქმნას, მხედველობის დაბურვას იწვევს.
თვალის ან რქოვანას ფორმის, ბროლის ასაკობრივი გამკვრივების გამო თვალის გარდამტეხი ძალა შეიძლება დაქვეითდეს;
- ახლოს ან შორს მდებარე საგნები (ან ორივე) შეიძლება დაბურულად, არამკვეთრად ჩანდეს;
- ოფთალმოლოგი განსაზღვრავს რეფრაქციის ანომალიის გამოსწორების საუკეთესო გზას;
- მხედველობის გამოსწორება შეიძლება სათვალით, კონტაქტური ლინზებით ან რეფრაქციული ქირურგიის მეშვეობით.
ნორმაში, თვალში საგნების მკვეთრი, მკაფიო გამოსახულება წარმოიქმნება, რადგან რქოვანა და ბროლი სინათლის სხივებს ისე გარდატეხენ, რომ ისინი ზუსტად ბადურაზე დაეცეს. რეფრაქციული დარღვევების დროს რქოვანას ან ბროლს არ შეუძლია საგნის გამოსახულების ზუსტად ბადურაზე ფოკუსირება.
ბროლისა და რქოვანას მიერ სინათლის სხივების არასწორად გარდატეხას და შესაბამისად, მათ არასწორ ფოკუსირებას ბადურაზე რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. თვალის კაკალი შესაძლოა ზედმეტად გრძელი იყოს რქოვანას და ბროლის გარდამტეხ ძალასთან შედარებით. ამის გამო სხივები ბადურას წინ ფოკუსირდება და არა ზუსტად ბადურაზე, რის გამოც ადამიანი კარგად ვერ ხედავს შორს მდებარე საგნებს. ამას ახლომხედველობა (მიოპია ეწოდება). ზოგჯერ თვალის კაკალი პირიქით, ზედმეტად პატარაა რქოვანას და ბროლის გარდამტეხ ძალასთან შედარებით, ამიტომ სინათლის სხივები ბადურას უკან ფოკუსირდება. ამას შორსმხედველობა ეწოდება (ჰიპეროპია). შორსმხედველებს უჭირთ გარკვევით დაინახონ ახლოს არსებული საგნები და ასაკის მატებასთან ერთად – შორს მდებარენიც.
ზოგი ადამიანის რქოვანას არასწორი ფორმა აქვს (არათანაბრად მრგვალი ან სფერული), რის გამოც ნებისმიერი მანძილით დაშორებული საგნები არამკაფიოდ ჩანს. ამას ასტიგმატიზმი ეწოდება. ზოგჯერ ერთი თვალის რეფრაქციული დარღვევა მნიშვნელოვნად განსხვავდება მეორეში არსებულისგან. ამას ანიზომეტროპია ეწოდება.
40 წელს გადაცილების შემდეგ ბროლს ნაკლებად შეუძლია ფორმის შეცვლა, ამიტომ თვალს უჭირს ახლოს მდებარე საგნებზე ფოკუსირება, რასაც პრესბიოპია ეწოდება. თუკი კატარაქტის მკურნალობის მიზნით ბროლი ამოიკვეთა და ხელოვნური იმპლანტი არ ჩადგმულა, ნებისმიერ მანძილზე არსებულ საგნებს ადამიანი არამკვეთრად დაინახავს. ბროლის არარსებობას (იქნება ეს თანდაყოლილი დეფექტი, თვალის ტრავმით თუ კატარაქტის ოპერაციით გამოწვეული) აფაკია ეწოდება.
რეფრაქციული დარღვევის მქონე ადამიანმა შესაძლოა შეამჩნიოს, რომ მკვეთრად ვერ ხედავს. მაგალითად, ახლომხედველ ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს დაფაზე ნაწერის გარჩევა სკოლაში.
თვალის გამოკვლევა ყველა ადამიანმა რეგულარულად უნდა ჩაიტაროს ოჯახის ექიმთან, თერაპევტთან, ოფთალმოლოგთან ან ოპტომეტრისტთან. მხედველობის სიმახვილის გასაზომად სნელენის ცხრილი გამოიყენება. სიმახვილე განისაზღვრება ნორმალურ, სრულყოფილ მხედველობასთან მიმართებაში. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც მხედველობა 20/60 აქვს, 6 მეტრის მანძილიდან ისევე ხედავს, როგორც ნორმალური მხედველობის მქონენი ხედავენ 18 მეტრიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ადამიანი 18 მეტრის დაშორებით უნდა იდგეს, რათა შეძლოს, გაარჩიოს ასოები, რომლებსაც ნორმალური მხედველობის მქონე პიროვნება 18 მეტრის მანძილიდან არჩევს. რეფრაქციული დარღვევები, როგორც წესი, სხვა მხრივ ჯანმრთელ თვალში გვხვდება, თუმცა, ექიმები მაინც ატარებენ გამოკვლევებს, რომელთაც რეფრაქციასთან კავშირი არ აქვს. მაგალითად, მხედველობის ველისა და თვალების მოძრაობის გამოკვლევას. თვალები ცალ-ცალკე და ერთდროულად მოწმდება.
რეფრაქციული დარღვევების მკურნალობის ძირითადი მეთოდი მაკორეგირებელი ლინზების გამოყენებაა. თუმცა, ამ ანომალიების გასწორება შეიძლება ზოგი ქირურგიული პროცედურითა და ლაზერული ოპერაციითაც, რომელიც რქოვანას უცვლის ფორმას.
ყველაზე ხშირად, ხანში შესულებში, მხედველობის დაკარგვას ბროლის შემღვრევა (კატარაქტა), მხედველობის ნერვის დაზიანება (მაგ. გლაუკომის გამო) ან ბადურას დაზიანება (მაკულარული დეგენერაციისა და დიაბეტური რეტინოპათიის დროს) იწვევს. მხედველობის დაკარგვის შედარებით იშვიათი მიზეზია თვალის სისხლძარღვების დახშობა. ქუთუთოების ცვლილებები ძირითადად გარეგნულად ცვლის თვალს და შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შეგრძნება, მაგრამ, როგორც წესი, ამის გამო მხედველობა არ ქვეითდება.
რაც უნდა იყოს მხედველობის დარღვევის მიზეზი, ნებისმიერი ასეთი ცვლილება აქვეითებს ხანშიშესული ადამიანის სიცოცხლის ხარისხს და ირიბად ჯანმრთელობასაც. მხედველობის დაკარგვა განსაკუთრებით ძნელია ხანშიშესული ადამიანისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ისედაც არის.
ამრიგად, დროულად ჩაიტარეთ მხედველობის გამოკვლევა, რადგან საწყის ეტაპზე მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება და თავიდან აირიდოთ შესაძლო გართულებები.
მედალფას ყველა კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის კაპიტაციურ სისტემაში და საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ მიიღონ ოფთალმოლოგის კონსულტაცია სახელმწიფოს დაფინანსებით.
„მედალფას“ კლინიკების ქსელი კვალიფიციური მედპერსონალითაა დაკომპლექტებული და ყველა პაციენტს, უწყვეტ რეჟიმში, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.
ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე:
კასპი - 0 32 2 640 011 (1);
ოზურგეთი - 0 32 2 640 011 (2);
ლანჩხუთი - 0 32 2 640 011 (3);
ჩოხატაური - 0 32 2 640 011 (4);
ბათუმი - 0 32 2 640 011 (5);
მახინჯაური - 0 32 2 640 011 (6).