რა იწვევს თვალების წვას და სიმშრალეს?

 

თვალების წვა და სიმშრალე დღევანდელობაში ადამიანის თანმდევი პრობლემაა. კომპიუტერთან ხშირი ურთიერთობა, ეკოლოგიური დაბინძურება და სხვა რიგი მიზეზების გამო ეს პრობლემა სულ უფრო მძაფრდება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, მედალფა ლანჩხუთის ოფთალმოლოგ გივი ნინიძესთან, რომელიც დაგვეხმარება მეტი ინფორმაცია მივიღოთ ამ საკითხთან დაკავშირებით და გვასწავლის თუ როგორ შეიძლება შევამციროთ თვალების სიმშრალე.

-პირველ რიგში დიდი მადლობა გამოყოფილი დროისთვის. ბატონო გივი, მოდით გვითხარით რას ნიშნავს მშრალი თვალის სინდრომი?

მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. „მშრალი თვალის სინდრომი“ წარმოადგენს თვალის ლორწოვანი გარსისა და რქოვანის, ორმხრივ ქრონიკულ დაავადებას, რომელიც ვითარდება ცრემლის არასაკმარისი გამომუშავებისა და საცრემლე აპკის ( პრეკორნეალური აპკი) სტაბილურობის დარღვევის შედეგად. თვალის კაკლის წინა, ღია ნაწილებს ფარავს ცრემლის თხელი შრე, რომელიც იცავს მას გამოშრობისა და დაზიანებისგან. მისი მთლიანობა მუდმივად განახლებადია ქუთუთოების პერიოდული ხამხამის შედეგად. ამ პროცესში გაჩენილი დისბალანსი იწვევს „მშრალი თვალის სინდრომის“ განვითარებას.

-რა არის მათი გამომწვევი მიზეზები?

ამ დაავადების გამომწვევი მიზეზებია : მხედველობის ხანგრძლივი დაძაბულობა ( კითხვა, კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა), შრომის არასათანადო პირობები (კონდიცირებული ოთახი, მტვერი, კვამლი და სხვა ), ასევე სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ავიტამინოზი და ა.შ.

-არის თუ არა კავშირში, ტელეფონის ხშირი მოხმარება? რა ხანგრძლივობით გვირჩევთ მობილური ტელეფონის გამოყენებას?

დადგენილია, რომ ტელეფონთან და კომპიუტერთან მუშაობისას, თვალების ხამხამის ინტენსივობა შემცირებულია, შესაბამისად, საცრემლე აპკის მუდმივი განახლების პროცესიც შენელებულია. ეს გახლავთ დაავადების განვითარების საფუძველი გრძელვადიან პერიოდში. ამიტომ, უმჯობესია, თუ ტელეფონთან და კომპიუტერთან რაც შეიძლება მცირე დროს გავატარებთ, მაგრამ თუ ეს გარდაუვალია, სასურველია შრომის პროცესი მიმდინარეობდეს ხანმოკლე შესვენებებით.

-ახასიათებთ თუ არა  ასეთი სინდრომი ბავშვებს და რას ურჩევდით მშობლებს?

ძირითადად „მშრალი თვალის სინდრომი“ გვხვდება 40 წლის ასაკის ზემოთ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა შეგვხვდეს ბავშვებშიც.

გამომწვევი მიზეზები იგივეა რაც დიდებში. მშობლებს ვურჩევდი, რომ აკონტროლონ ბავშვის მიერ კომპიუტერთან და ტელეფონთან გატარებული დრო, ეცადონ ბავშვის ოთახი არ იყოს ხშირად კონდინცირებული.

-როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

თუ კი ადამიანს აქვს ჩივილები: თვალების წვა, ქავილი, სიმშრალის შეგრძნება, ცრემლდენა და „სინათლის შიში“ ან სხვა ტიპის დისკომფორტი თვალში, სასურველია მიმართოთ ექიმ ოფთალმოლოგს. ამ დაავადების დროული დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა თავიდან აგვაცილებს მისგან გამოწვეულ შესაძლო გართულებებს.

თუ მსგავსი სიმპტომები გაწუხებთ არ გადადოთ ოფთალმოლოგთან ვიზიტი.

მედალფას ლანჩხუთის კლინიკაში ოფთალმოლოგის მიღების საათებია :

ორშაბათი და შაბათი 11:00 – 16:00.

ასევე მედალფას ლანჩხუთის კლინიკაში ოფთალმოლოგიურ ოპერაციებს ატარებს, კახა თავართქილაძე - ავერსის კლინიკიდან მოწვეული ექიმი.

0322640011

 

თემები

facebook