მაიმუნის ყვავილი - ეპიდემიოლოგი ნანა დიდიძე

 

რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ? ეპიდემიოლოგი ნანა დიდიძე.

 მოგესალმებით ქალბატონო ნანა, მადლობას გიხდით დათმობილი დროისთვის.

ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა დაავადება ე.წ „მაიმუნის ყვავილი“, რომლის დადასტურებული თითქმის 100 შემთხვევა ფიქსირდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მოდით ერთად მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას სწორი და დროული ინფორმაცია აღნიშნული ვირუსის შესახებ.

  1. რა არის მაიმუნის ყვავილი და როგორია მისი ისტორია ? რომელ ქვეყნებში ფიქსირდება ამ დროისთვის შემთხვევები?

მაიმუნის ყვავილი არ არის ახალი ინფექცია, ადამიანებში ის პირველად 1970 წელს დაფიქსირდა აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ კონგოში. რაც შეეხება ამჟამინდელ აფეთქებას, მაისის შუა რიცხვებიდან რეგისტრირდება ევროპაში, ასევე ერთეული შემთხვევები აშშ-სა და კანადაში. ევროპის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთში, ინგლისსა და იტალიაში.

 

  1. რა სიმპტომები აღენიშნებათ ვირუსით დაავადებულ პაციენტებს? რა გზით არის გადამდები მაიმუნის ყვავილი?

მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა და ადამიანზე გადაცემა პრიმატებისა  და მღრნელებისგან ხდება. ხოლო ადამიანებს შორის  ინფექცია  კონტაქტური  და წვეთოვანი გზით ვრცელდება, კერძოდ,  ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტისა და დაინფიცირებულ ნივთებთან შეხების შედეგად.

სიმპტომები გავს ყვავილის ინფექციას, თუმცა უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა.

  1. რომელი ასაკის ადამიანებს ემართებათ? არსებობს თუ არა კონკრეტული რისკ ჯგუფები?

ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ  მაღალი რისკის პოპულაციურ  ჯგუფს მიეკუთვნება ჰომო და ბისექსუალი მამაკაცები, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გადაცემის სქესობრივი გზა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა წამყვანი.

დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში.

  1. რა საშიშროების წინაშე დგას ორგანიზმი ამ დროს და რა ეფექტების დატოვება შეუძლია ამ ვირუსს?

შემთხვევების უმრავლესობაში,  კლინიკური ნიშნების ალაგება ხდება  14 დან 21 დღემდე (სხეულზე არ უნდა იყოს არც ერთი კვანძოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარი),  შესაძლებელია გამწვავებებიც , ამიტომ საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა. რაც შეეხება გართულებებს, მსგავსია  გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების გართულებების- ლიმფადენოპათია, პნევმონია და ა.შ.

  1. არის თუ არა მაიმუნის ყვავილი ისეთივე საშიში როგორიც კორონა ვირუსი?

მაიმუნის ყვავილი ფასდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხედ, მისი ლეტალობა არ არის მაღალი. დასავლეთ აფრიკული შტამის კლინიკური მიმდინარეობა მსუბუქია და ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ია, რაც შეეხება ცენტრალური აფრიკის შტამს (კონგოს აუზის) , გადამდებლობის თვალსაზრისითაც მაღალი კონტაგიოზურობით გამოირჩევა და ლეტალობაც 10%-მდეა. ასე რომ ლეტალობის საშუალო მაჩვენებელი 3-6 %-ია. ეს მაჩვენებელი ბევრად დაბალია კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადების დროს. გარდა ამისა კოვიდინფექციას აქვს სერიოზული გართულებები და ასევე ძალიან საყურადღებო პოსტკოვიდური პერიოდი.

  1. არის თუ არა საფრთხის შემცველი ამ დროისთვის მაიმუნის ყვავილი საქართველოსთვის?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევე რეკომენდაციას მოგზაურობის შეზღუდვის შესახებ,  მაგრამ მნიშვნელოვანია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა მოსალოდნელი  რისკების წინააღმდეგ, ასევე  გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ზედამხედველობისა და კონტროლის  გაძლიერება.

  1. რა რეკომენდაციებს გასცემენ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები?

ამ ეტაპისთვის დიდი ყურადღება ეთმობა სავარაუდო შემთხვევათა გამოვლენას, რისთვისაც შემუშავებულია მაიმუნის ყვავილის შემთხვევის განსაზღვრის სამუშაო ვერსია, კერძოდ, შესაძლო, სავარაუდო და დადასტურებული შემთვევების განმარტებები, ექიმების მხრიდან , კონტაქტებისა და წყაროს დადგენის გარდა უნდა გატარდეს დიფერენციალური დიაგნოზი შემდეგ დაავადებებთან: ჩუტყვავილა, წითელა, ჰერპესვირუსულ ინფექციასა და  სიფილისთან.

  1. თქვენ როგორც ეპიდემიოლოგი რას ურჩევდით მოსახლეობას?

მოსახლეობა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ნებისმიერ  რეკომენდაციას, რასაც გასცემს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს მოვერიდოთ  მასობრივი თავშეყრის ადგილებს, არასასურველ კონტაქტებს, დავიცვათ პირადი ჰიგიენა, დავიბანოთ ხელი და ვატაროთ ნიღაბი.

ჰოსპიტალური ქსელი მედალფას  ეპიდემიოლოგი ნანა დიდიძე.

საინტერესო სიახლეებისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook  გვერდს.

 

 

 

თემები

facebook